რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და მოუწოდა, გაიხსენონ შეერთებულ შტატებზე დაყრდნობილი ქვეყნების ბედი.
კრემლის მიერ კონტროლირებადი „ტასის“ შეკითხვას, შეიძლება თუ არა, სომხეთმა დაკარგოს რუსეთი, ლავროვმა განაცხადა, რომ ერევანში რამდენიმე წამყვან პოლიტიკოსს სურს მსგავსი სცენარი და დასავლეთისკენ იყურება.
„ისინი თუ ეყრდნობიან შეერთებულ შტატებს, როგორც პირდაპირ გამომდინარეობს სომხეთის ხელმძღვანელობის მრავალი წარმომადგენლის განცხადებებიდან, მაშინ ალბათ მათთვის კარგი იქნება, გადახედონ უახლეს ისტორიას, როგორ ეპყრობოდა შეერთებული შტატები მათ, ვის მოქცევასაც თავისი ფრთის ქვეშ, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების პოპულარიზაციას ამერიკის სანაპიროებიდან შორს ცდილობდა. ყველა ამ ხალხის ბედი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია,“ – აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური ინტერესების იგნორირება ამიერკავკასიაში შეუძლებელია.
„ისტორიულად, გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად რუსეთის ინტერესების სრული იგნორირება, მისი დაკარგვა ამიერკავკასიაში შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთ ლიდერს ერევანში აქვს ასეთი იმედები და ამაზე პირდაპირ საუბრობენ,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის პარლამენტში რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ განხილვების დაწყებას გამოეხმაურა.
„რომის სტატუტის რატიფიციკაციას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ყველაზე ნეგატიური შედეგები ექნება,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ამ ნაბიჯის მიუღებლობის შესახებ სომეხ პარტნიორებს თავიდანვე აცნობეს და კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზეს: „სამწუხაროდ ჩვენი წინადადებები არ გაითვალისწინეს, სანაცვლოდ კი, ერევანმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ."