სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, ერევანში, მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ეს ეთნიკური წმენდის პირდაპირი აქტია.“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშის მიერ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დაგმობას, თუმცა, ფაშინიანის შეფასებით, თუ ამას კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება, ეს განცხადებები განხილული იქნება მხოლოდ „ისტორიისთვის მორალური სტატისტიკის შექმნად."
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 12:00 საათის მდგომარეობით, ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა 68 386 იძულებით გადაადგილებული პირი. სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის მოსახლეობა 120 000 იყო.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.
20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.
28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
- მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.