NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები თანდათანობით იკავებენ ტერიტორიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ფართო კონტრშეტევის ფარგლებში.
„დღეს თქვენი ძალები წინ მიიწევენ, ისინი სასტიკი ბრძოლების წინაშე არიან, მაგრამ თანდათან იკავებენ ტერიტორიებს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგის თქმით, ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ძალები მოიპოვებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ოჯახებისთვის, მომავლისთვის, მათი თავისუფლებისთვის. მოსკოვი იბრძვის იმპერიული ილუზიებისთვის.”
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს ძლიერი მხარდაჭერა არამხოლოდ NATO-ს 31 მოკავშირისგან, არამედ ბევრი სხვა პარტნიორისგან.
„საერთო ჯამში, 50-ზე მეტი ქვეყანა მხარს გიჭერთ და გამარაგებთ თქვენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით და 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა თქვენს სუვერენიტეტს გაეროში. ამავდროულად, რუსეთი დაკნინებულია მსოფლიო ასპარეზზე, მოწყვეტილია საერთაშორისო ბაზრებისგან," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გაფორმებული აქვს ჩარჩო კონტრაქტები უკრაინისთვის 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების „საკვანძო საბრძოლო მასალასთან“ დაკავშირებით.
”ეს მოიცავს შესაძლებლობებს, როგორიცაა 155 მილიმეტრიანი არტილერია და სატანკო მართვადი რაკეტები და სატანკო საბრძოლო მასალა. ეს დაეხმარება მოკავშირეებს, შეავსონ თავიანთი მარაგი და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას, რუსეთს დღესვე შეუძლია იარაღი დადოს და ომი დაასრულოს,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.