რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.


შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და შესაბამისად, პრეზიდენტთან ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე ჰქონდათ საუბარი.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა. მოხდა უმძიმესი რამ, დასანქცირდა ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, ჯაშუშობისთვის. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბოტაჟი გამოუცხადოს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ დასავლეთის სანქციების რეჟიმს და ამით საფრთხეში ჩააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც სარგებლობს საბანკო სისტემით და არის ამ ქვეყნის მოქალაქე.

„ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟის გზით, საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორეს მხრივ, საკუთარი გადაწყვეტილებით დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ გადაეფაროს ფარად ფარცხალაძეს, რომელიც დასანქცირებულია ჯაშუშობისთვის.

ქვეყანა არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ცხადია, რომ პრეზიდენტთან გვქონდა ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე საუბარი“, - განაცხადა სამადაშვილმა.


პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგა, ხოლო დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“ყოველ ჯერზე, როდესაც პრეზიდენტი ჩვენს გუნდთან ჩათვლის საჭიროდ, ბუნებრივია მივალთ, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენი გუნდი პატივს სცემს.

ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, მაგრამ ძირითადი საკითხი კვლავ ევროინტეგრაციის პროცესი იყო. დახურული შეხვედრა იყო და ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამის უფლებას თავს არ მივცემ“, - განაცხადა ბუჩუკურმა მედიასთან.


საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს. დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის პოზიცია, იმპიჩმენტთან, ასევე ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება.

„პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რა თქმა უნდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ადვოკატირებს და ეს ინფორმაცია ჩვენც გაგვიზიარა. ჩვენც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს განცხადებას. პრეზიდენტის პოზიცია, ალბათ, ცნობილი გახდება იმპიჩმენტთან, ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.