TI: რუსეთის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 12,4%-მდე გაიზარდა - ეს ბოლო 16 წლის ისტორიული მაქსიმუმია

არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.2% იყო, როცა 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 11.7%-ს შეადგენდა.

„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს,“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 


კვლევის კონკრეტული მიგნებები

  • 2023 წლის 6 თვეში საქართველოში 6,539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 21,326 კომპანიაა რეგისტრირებული. 2022 წლის მარტიდან საქართველოში 3-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში;
  • 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. ეს მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, მაგრამ პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება 16%-ით. რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია. 2022 წლამდე რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-მდე არასდროს მიუღწევია;
  • რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად;
  • რუსი მიგრანტების საქართველოში დასახლებამ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად ზრდა განაპირობა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა;
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდა ყველაზე მეტად ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ განაპირობა;
  • რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და 82 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 12.9%-ია. რუსეთის წილი იმპორტში ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა;
  • 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა - 75%-ით. თუ შევადარებთ, რუსეთ-უკრაინის  ომამდელ პერიოდს, ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი;
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო. რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო, რადგან იანვარ-ივნისში საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მოუხმარია;
  • 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 27 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში, ხოლო 18 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა.

უფრო ვრცლად, კვლევა ამ ბმულზე წაიკითხეთ.