უძრავ ქონებაში, ლოგისტიკასა და IT კომუნიკაციების დარგებში ბრუნვა წლიურად შემცირებულია - საქსტატი

საქსტატმა წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი კი, 7.0 პროცენტით განისაზღვრა.


აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის ანგარიშის  თანახმად, მატებაა ეკონომიკის დარგების უმეტესობაში, თუმცა კლება ისეთ სფეროებში შეიმჩნევა, როგორიცაა უძრავი ქონების ოპერაციები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო და ინფორმაციებისა და კომუნიკაციის სექტორი.

საქსტატის მიხედვით, აგვისტოში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 12.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით არის გაზრდილი.


„2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა,"- ნათქვამია საქსტატის წინასწარ ანგარიშში.

ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია ექსპორტის 14.4%-იანმა მატებამაც. საქსტატის ცნობით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა.