ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაცია ხვალ, 18 თებერვალს, საქართველოში ჩამოვა და ოპოზივიას შეხვდება. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ზიგიმუდ პავილიონმა "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.
“ვაორგანიზებთ საპარლამენტო დელეგაციას, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოვფრინდებით, შევხვდებით ოპოზიციის ყველა ლიდერს. იმედი მაქვს, ნიკა მელია თავისუფალი დაგვხვდება და ასევე შევეცდებით, შევხვდეთ მთავრობას”.- განაცხადა ზიგიმუდ პავილიონმა. (მთავარი არხის თარგმანი).
როგორც ზიგიმუდ პავილიონმა აღნიშნა, საპარლამენტო დელეგაცია შეხვდება მთავრობასაც, რათა მოუწოდოს ნიკა მელიას დაჭერასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.
“მე ვესაუბრე მთავრობის წევრებს და უკვე ვუთხარი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ამ გზით სიარული. დასავლეთში, ევროპაში ჩვენ არ ვაპატიმრებთ ოპოზიციის ლიდერებს. მე ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას მაგონებს. ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ეს თვითმკვლელობა იქნება. თქვენი ევროპული მომავლისთვის ჩვენ ვიბრძვით და არ მგონია, ბევრი ასეთი მეგობარი გყავდეთ. ახლა მოდის ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელთანაც მე აშშ-ს ელჩობის დროს დიდხანს ვმუშაობდი, ვიცი ეს ხალხი, მათთვის მთავარია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ღირსება, თუკი ეს მთავრობა მართლაც ფიქრობს ევროკავშირის წევრობას და ჩვენ გვაქვს სიგნალები, რომ ეს შეძლება ნატოს შემთხვევაში უფრო ადრეც მოხდეს, ამიტომ არც კი იფიქროთ ასეთი ნაბიჯების გადადგმაზე. რუსეთი მუდმივად ცდილობდა ჩვენს დაყოფას, ახლაც რუსეთი ცდილობს თქვენს პროვოცირებას, მაგრამ იყავით ჭკვიანები ". - აცხადებს პავილიონი.