აშშ-ის საელჩო: საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, DTRA თანამშრომლობს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან

ამერიკის საელჩო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. შესაბამისი პოსტი საელჩოს Facebook გვერდზე განთავსდა. ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული სწავლება საქართველოში მეორედ გაიმართა.

„საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) თანამშრომლობს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან. ახლახან ჩატარდა ერთობლივი ჯგუფის კრიზისებზე რეაგირების ტრენინგი, რომელიც აუმჯობესებს კოორდინაციას საფრთხეებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის.
 
შვიდ წელზე მეტია, DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ფეთქებადი ინციდენტების საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების დახვეწისა და გაზრდის მიზნით,“ - წერს ამერიკის საელჩო.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული ეროვნული სწავლების მომდევნო ეტაპი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქართულმა ქვედანაყოფებმა ამერიკელი ექსპერტებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. სწავლების მიზანს სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ უწყებათაშორისი კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა წარმოადგენდა. იუწყება სუს-ი.


უწყებათაშორის სწავლებაში, რომელიც მოიცავდა საველე-პრაქტიკულ და TTX სამაგიდო სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს, ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების 150-მდე წარმომადგენელი.

სამაგიდო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმაც.

დახურვის ცერემონიაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა, სწავლების მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

„სწავლების პროცესში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას. მოხარული ვარ, ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აჩვენეს მომზადების მაღალი დონე,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორმა, გიგა ნიკოლეიშვილმა.


„მსურს, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც შესრულდა ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული რადიოლოგიური და ფეთქებადი საფრთხეების წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულ სფეროში ჩვენ გვაკავშირებს მტკიცე პარტნიორობა. ამასთან, მოხარული ვარ, რომ გავხდი ამ მნიშვნელოვანი პროგრამის დასრულების მოწმე, რომელიც გულისხმობდა იმ საფრთხეებთან გამკლავებას, რომელთა მინიმუმამდე დაყვანაც დღესდღეობით მსოფლიოში ყველას ინტერესებში შედის,“ - აღნიშნა თავის მხრივ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან  პერსელმა. 


საქართველოში აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) რეგიონული ხელმძღვანელის, ჯოშუა სტრეიდერის თქმით კი, „პროგრამა უკვე მესამე წელი,ა გრძელდება და ამ დროის განმავლობაში უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება იყო გასაოცარი.“ „პარტნიორობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ამერიკასა და საქართველოს შორის.“

დასკვნით ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი თეიმურაზ მღებრიშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.