ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს, 29 სექტემბერს შეიკრიბა კოსოვოში არსებული ვითარების განსახილველად. მოკავშირეებმა ჩრდილოეთ კოსოვოში მზარდი დაძაბულობის გამო, ღრმა შეშფოთება გამოხატეს. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება კოსოვოში დამატებითი ძალების გაგზავნის თაობაზე. შესაბამის ინფორმაციას NATO ავრცელებს.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს სასწრაფოდ დეესკალაციისკენ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ბელგრადს და პრიშტინას ჩაერთონ ევროკავშირის ხელშეწყობით დიალოგში, როგორც ერთადერთი გზა გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და გადაწყვეტილებების მისაღწევად, რომლებიც პატივს სცემს ყველა თემის უფლებებს. ეს არის კოსოვოში გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის გასაღები,“ - წერია ალიანსის განცხადებაში.
24 სექტემბერს მე-14 საუკუნის მართლმადიდებლურ ტაძარზე თავდასხმას ოთხი ადამიანი შეეწირა. მონასტრის ტერიტორიაზე 30-მდე შეიარაღებულმა პირმა მიიტანა იერიში, რასაც კოსოვოს პოლიციასთან სროლა მოჰყვა.