"ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით და დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს ექნება და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უმრავლესობას გავაცანით, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით და დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს ექნება და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.კითხვის ნიშნები აქ არ არის, ეს არის გადაწყვეტილი, რადგან მას უკვე უმრავლესობის სხდომაზე ჩვენმა კოლეგებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირების ხელშეკრულებასთან ასოცირდება.
„ეს ადამიანი ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასთან და ძალიან ბევრ პროექტთან. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,, ის ასოცირდება გუნდისა და საქმის ერთგულებასთან. ასევე, დაბეჯითებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ მას დაუგროვდა ძლიან დიდი გამოცდილება პროფესიონალიზმისა და პროფესიული თვალსაზრისითაც. ის არის წარმატებული მინისტრი. თქვენ იცით თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა. რამდენად გვაახლიოებს ეს საქმეები, მათ შორის, ნატოსთან და როდესაც ჩვენი დეკლარირებული და გაცხადებული პოზიციაა, რომ საქართველომ 2024 წელს უნდა განაცხადოს დასაბუთებულად პრეტენზია ევროკავშირის წევრობაზე, მინისტრი, რომელიც ნატოსთან ასე წარმატებით თანამშრომლობდა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატის პოსტზე ჩვენი ნდობის მოპოვებას იმსახურებს“, - განაცხადა მდინარაძემ.