NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ

„ჩვენს ახლო პარტნიორ ისრაელთან მუშაობა უსაფრთხოების გამოწვევებთან დასაპირისპირებლად და ინოვაციური სამხედრო შესაძლებლობების მოსაძიებლად, ორივეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ სამხედრო უპირატესობა მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა ისრაელში ვიზიტისას გააკეთა.

„NATO-ს მოკავშირეები ისრაელის ბევრ შეშფოთებას იზიარებენ. ჩვენ ვხედავთ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც ევროპაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ აღვნიშნავთ ახალ საწყისს ჩვენს პარტნიორობაში ჩვენი განახლებული და გაძლიერებული პარტნიორობისკენ,“ - აღნიშნა ბაუერმა.


NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ.

„NATO და ისრაელი თითქმის 30 წელია ერთად მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება და ტექნოლოგია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო მზადყოფნა, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძილა და ასევე, მშვიდობა და უსაფრთხოება. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა გაიზარდა. ამ კუთხით, ისრაელისთვის ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის ახალი პროგრამა იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვსაზღვროთ ისრაელის სტრატეგია ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის, რაც განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში,“ - წერია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


28 სექტემბერს, ადმირალი ბაუერი ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მიიღო. მანამდე ბაუერს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, ჰერცი ჰალევი, ჰაკირიას ბაზაზე მიესალმა. ამ ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბი მდებარეობს. 


ბაუერმა ისრაელში ვიზიტის დროს ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისრაელის მოწინავე შესაძლებლობები NATO-სთვის და რომ პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო თავსებადობაზე მუშაობის კომბინაცია ურთიერთობაში გადამწყვეტი კომპონენტია.

თვის მხრივ, პრეზიდენტმა ჰერცოგმა ასევე განაცხადა, რომ ახლა იდეალური დროა ისრაელისთვის, NATO-სთან სტრატეგიული ალიანსი გააძლიეროს.