„ევროკავშირი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგითაა შესაძლებელი. საქართველოსა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ”, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.
აქვე ნათქვამია, რომ საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ლიდერობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და პოლარიზაციის გაღრმავება თავიდან აიცილონ.
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია.
„საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გზით. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიისა და მისი შედეგების ეფექტურად აღმოფხვრის წინაპირობებია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.