ოპოზიციის შეფასებით, ღარიბაშვილის დასახელებით, "ქართულმა ოცნებამ" განხეთქილების გზა აირჩია

ოპოზიციის დიდი ნაწილი გახარიას გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა 2019 წლის ივნისის მოვლენებზე "პასუხისმგებლობას არ უხსნის". ოპოზიციას პრემიერის გადადგომის რეალური მიზეზები ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე გაანალიზებული, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ დაასახელა.

რა რისკებს ხედავს ოპოზიცია ხელისუფლების დღევანდელ საკადრო გადაწყვეტილებაში და რა მოლოდინები აქვთ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისგან, Europetime რამდენიმე პარტიის პოზიციას გთავაზობთ.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“, პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებით, განხეთქილების გზა აირჩია.

„ყველა პრემიერ-მინისტრს შორის ის იყო გამორჩეულად აგრესიული ადამიანი. ის იყო პრემიერ-მინისტრი, რომლის მთელი საქმიანობა იყო აგებული ზიზღის დათესვაზე, ოპოზიციის დევნაზე“.

როგორც "ლელოს" წარმომადგენლი ფიქრია ჩიხრაძე აღნიშნავს, გახარიამ მნიშვნელოვანი გზავნილი დატოვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის შიდა დაპირისპირება - კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფრთა დამარცხდა და ამის გამო წავიდა, ღარიბაშვილის დაბრუნება კი სამოქალაქო დაპირისპირების რისკის შემცველია

"პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა სამოქალაქო დაპირისპირების რისკის შემცველია. როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა, გზავნილი დაგვიტოვა, ჩემ ნაცვლად პარტიის თავმდჯომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ვტოვებო, ეს იყო გზავნილი, რომ დესტრუქციულ პოლიტიკას აუნთეს მწვანე შუქი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით", - აღნიშნავს "ლელოს" წარმოამდგენელი.

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენის გადაწყვეტილება, აჩვენებს იმას, რომ პოლიტიკურ პროცესებს კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს.

“ნათელია, ივანიშვილმა დააბრუნა ღარიბაშვილი იმიტომ, რომ მარტივად მართოს ვითარება და, რა თქმა უნდა, ვა ბანკზე წაიყვანოს გუნდი. გახარიას გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ასე ვთქვათ, სოროდან მართავს თავის გუნდის წარმომადგენლებს, როგორც თოჯინებს, რადგან პრემიერ-მინისტრს მოუწია გადადგომა, რადგან ვერ დაარწმუნა ძალოვანი მინისტრები, რომ არ უნდა დაერბია ნიკა მელიას ოფისი, სადაც ოპოზიცია იყო წარმოდგენილი. გასაგებია, ვინ მართავდა პროცესებს, პირდაპირ ივანიშვილის ბრძანებაა ნიკა მელიას დაპატიმრება და ოპოზიციაზე შტურმი”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„მოქალაქეები“ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

" პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა ცუდი გზავნილია. ელისაშვილის შეფასებით, ქართულ ოცნებას უნდა შეერჩია ისეთი ადამიანი, რომელიც ნაბიჯებს გადადგამდა სიტუაციის განმუხტვისთვის და მზად იქნებოდა მოლაპარაკებებისთვის".

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

“ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად", - აცხადებს ნიკა მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინათინ ბოკუჩავა განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო სწორედ ის გაფუჭებული ურთიერთობები, რაც მას ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახბე მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

გუშინ, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.