რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში

USAID საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეფასებით, ამ დროიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. ამჟამად, USAID ინვესტირებას ახორციელებს 39 პროგრამაში, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.


„USAID-ის მიმდინარე პროგრამები ორიენტირებულია: ეკონომიკური რეფორმების, კერძო სექტორის ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რათა უკეთ მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება. ჩვენ ვუწყობთ ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებსა და სამოქალაქო აქტივობებში; ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას მწვანე ენერგიის ხელშეწყობისა და ავტორიტარული სახელმწიფოებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად; დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ მდგრადობის გაზრდას და განათლებისა და პროფესიული უნარების გადამზადების სისტემების გაუმჯობესებას, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სტუდენტებისა და სამუშაო ძალის პროფესიულ წარმატებას; განვითარების ეს მიზნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო აგრძელებს ევრო კავშირისკენ ინტეგრაციას 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების შესაბამისად,“ - ნათქვამია USAID-ის ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციაში.


ორგანიზაციის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამების ჩამონათვალში წერია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა

პროგრამას ახორციელებს - აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტი

პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას,  მდგრადობას და მოქალაქეზე ორიენტირებულ დემოკრატიულ განვითარებას საქართველოს რეგიონებში. სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, მოქალაქეებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ მათთვის საჭირბოროტო საკითხებში. პროგრამა ხელს შეუწყობს გაუმჯობესებულ მმართველობას, მოქალაქეთა უფრო მეტ აქტიურობას და პოლიტიკურ პროცესებზე ზედამხედველობას.


ინფორმაციისთვის, აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად მიღება გამოაცხადა. კურსი განკუთვნილია მათთვის, „ვინც უკვე მუშაობს ცვლილებებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობს გაუმჯობესდეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სამუშაო პირობები და სფეროს მართვის სისტემა უკეთესობისკენ შეცვალოს.“


სასწავლო კურსის შესახებ:

სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები  მომავალი საქმიანობისთვის.

ოთხდღიანი კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად  განსახორციელებლად ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. 

სასწავლო კურსს წამყვანი სერბული ორგანიზაციის — CANVAS-ის („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი“) ტრენერები გაუძღვებიან.


სასწავლო კურსის თემებია:

  • საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის მომავლის ხედვაზე მუშაობა;
  • ძალაუფლების დანაწილების ანალიზი და მხარდამჭერების/თანამოაზრეების გამოვლენა-მობილიზება;  
  • ცვლილების მექანიზმები: როგორ დავარწმუნოთ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ცვლილებების საჭიროებაში;
  • მიზანმიმართული კომუნიკაცია: ცვლილებებისთვის საჭირო კომუნიკაციის ეფექტიანი გზების განსაზღვრა;
  • კრეატიული ტაქტიკების გამოყენება;
  • სამოქმედო გეგმისა და კამპანიების სტრატეგიების შემუშავება.

მეტი დეტალი იხილეთ აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტი ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

შეგახსენებთ, USAID-ი და აღნიშნული ინსტუტიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი ბრიფინგის თემა იყო.