ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას, სწორ ნაბიჯად და სწორ ტონად მიიჩნევს.
"მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზისციასთან და არა მეტი კონფრონტაცია"- წერს twitter-ზე იან კელი, გიორგი გახარიას ტვიტის გაზიარებისას.
ყოფილი პრემიერი იმედოვნებს, რომ მისი ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციას შეუწყობს ხელს. გიორგი გახარია ბრიფინგის შემდეგ, გადადგომის მიზეზებს Twitter-ზეც განმარტავს.
„ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არსებული კონფრონტაცია და დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე გადადგომა იმ იმედით, რომ შემცირდება პოლარიზაცია და მოხდება სიტუაციის დეესკალაცია“, - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
დლით გამართულ ბრიფინგზე გახარიამ გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობაც დაასახელა.