ომბუდსმენი USAID-ზე: მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის

„USAID ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ არაფერი მეთქმის,“ - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის კითხვას იმასთან დაკავშირებით, მიიჩნევს თუ არა სახალხო დამცველი, რომ USAID-ი და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში გადატრიალებას გეგმავდნენ და აწყობდნენ.


მისი ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, სადაც არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა.


ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ის არის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი, რომელთანაც სახალხო დამცველს აქვს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა.

„USAID-თან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთ -ერთი ძირითადი პარტნიორია USAID, რომელთანაც გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება და ძალიან კარგი ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს ამ ორგანიზაციასთან. ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ არაფერი მეთქმის,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.