მამუკა ხაზარაძე: დღეს გახარიამ აღიარა, რომ მართლმსაჯულების საკითხები წყდება მმართველი პოლიტიკური ძალის შეკრებებზე

პარტია "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პრაქტიკულად დღეს გახარიამ მოახდინა თვითლურსტრაცია და აღიარა, რომ მართლმსაჯულების საკითხები წყდება მმართველი პოლიტიკური ძალის შეკრებებზე.

ხაზარაძის თქმით, აღიარება პირველი პირისაგან, რომ მათ ვერ შეაჯერეს საკუთარი პოზიციები, დაეჭირათ თუ არა მელია, აღესრულებინათ თუ არა კანონი, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" არის გაბანკროტებული.

"პრაქტიკულად მთელ ქვეყანას დაუდასტურეს, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიზირებული სასამართლო და პოლიტიზირებული პროკურატურა.რაც შეეხება ჩვენი საქმის ამოღებას. მინდა გითხრათ, რომ ამის სულ არ მეშინია რადგან მე, რომ უკან დახევა მდომოდა არ შევიდოდი ამ ომში. არ მივატოვებდი 30 წლიან ჩემს ნამუშევარს, რომელშიც ძალიან წარმატებული ვიყავი ჩემს მეგობრებთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად.

მე შევედი ამ ბრძოლაში, რადგან არ დავუშვებ არასდროს უსამართლობას! ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს!რაც შეეხება ნიკა მელიას დაჭერა, არ დაჭერის თემას, ჯერ უნდა გამოიძიონ ის კორუფციული სქემები, რომლის მეშვეობითაც "ქართულმა ოცნებამ" მილიარდები ჩაიჯიბა და არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული.დღეს "ოცნებამ" ჩემში ბოლომდე ლურსტრაცია განიცადა და პრემიერ მინისტრმა დაადასტურა, რომ ისინი მართავენ მოსამართლეებს. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოსამართლე რომელიც გუშინ მელიას საქმეს განიხილავდა, ასევე იყო ჩვენი საქმის მოსამართლეც", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.