აშშ-ის საელჩო: აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე

შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საელჩოს განცხადებით, აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება.

"შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საელჩომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, განცხადება დღეს დილითაც გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, პრემიერის მინისტრობის ახალ კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.