საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ის პრემიერმინისტრი იქნება, რომელიც 2024 წელს საქართველოს განაცხადს მოაწერს ხელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
"შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერმინისტრი, რომლის ხელმოწერაც აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს და ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერმინისტრი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე", - განაცხადა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.
"ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირების ხელშეკრულებასთან ასოცირდება.
„ეს ადამიანი ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასთან და ძალიან ბევრ პროექტთან. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,, ის ასოცირდება გუნდისა და საქმის ერთგულებასთან. ასევე, დაბეჯითებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ მას დაუგროვდა ძლიან დიდი გამოცდილება პროფესიონალიზმისა და პროფესიული თვალსაზრისითაც. ის არის წარმატებული მინისტრი. თქვენ იცით თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა. რამდენად გვაახლიოებს ეს საქმეები, მათ შორის, ნატოსთან და როდესაც ჩვენი დეკლარირებული და გაცხადებული პოზიციაა, რომ საქართველომ 2024 წელს უნდა განაცხადოს დასაბუთებულად პრეტენზია ევროკავშირის წევრობაზე, მინისტრი, რომელიც ნატოსთან ასე წარმატებით თანამშრომლობდა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატის პოსტზე ჩვენი ნდობის მოპოვებას იმსახურებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, პრემიერ- მინისტრობის ახალ კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.