სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მისი იმპიჩმენტის საქმის განხილვას არ ესწრება. მის უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი იცავენ.
„იმედი მაქვს, სხდომაზე არდასწრება პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველებს.
ტურავა დაინტერესდა, იციან თუ არა იურისტებმა საიმპიჩმენტო წარდგინების არამხოლოდ იურიდიული მხარე, არამედ იმ ვიზიტების დეტალები, რაზეც წარდგინების ტექსტშია საუბარი.
„საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და თქვენ, როგორც მისი წარმომადგენლები მოგავლინათ. კანონიდან გამომდინარე სასამართლო იკვლევს იმ საკითხებს, რაზეც წარდგინების ავტორები დავობენ. ამ შემთხვევაში თქვენთვის ცნობილია იმ ვიზიტების შინაარსი, რაზეც შეიძლება დღევანდელ სხდომაზე შეიძლება შეკითხვები დაისვას?
შესაბამისად, ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ სამართლებრივ მხარეს წარმოადგენთ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, თუ შეხვდით საქართველოს პრეზიდენტს და გარკვეული ხართ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად უდევს წარდგინების ტექსტს? ამასთან, თქვენ წარმოადგენთ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც, ალბათ, უფრო კარგად იცნობს ვიზიტების დეტალებს, არამედ ხართ კვალიფიციური იურისტები, მაგრამ უფრო სამართლებრივი საკითხები იცით, ვიდრე დეტალები ამ ვიზიტების - თუ შეხვდით ამ დღეების განმავლობაში პრეზიდენტს და შეგიძლიათ სასამართლოს სრულყოფილად მოახსენოთ ის, რაც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს,“ - განაცხადა ტურავამ.
ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა [სასამართლოს მიმართ], - განაცხადა საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, მაია კოპალეიშვილმა.
კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია და ის პროცესის სამართლიანობაში დარწმუნებულია.
„რა თქმა უნდა, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს. რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, მათ შორის, თავად ამ შეხვედრების შინაარსზე, მოცულობაზე. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენლებმა.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ახსნა-განმარტებას ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა, პირიქით, პრეზიდენტისთვის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში, ამიტომ ბუნებრივია, მას დიდი პატივისცემა აქვს სასამართლოს მიმართ,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.