ბათუმში ისტორიული პროცესი იწყება. ისტორიაში პირველად, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. „ქართული ოცნების“ ლიდერები ბათუმში უკვე ჩავიდნენ. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი იცავენ.
თამარ ჩუგოშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში პარტია "ქართული ოცნების" სიით მოხვდა. ის სამი წლის განმავლობაში იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, იმ დრომდე, სანამ სახელისუფლებო პარტია არ დატოვა - მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით დაპირების არშესრულება იყო;მაია კოპალეიშვილი 2009 წლის დეკემბრიდან 10-წლის ვადით იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ აქვს.
სტრატეიული პარტნიორის გამოხმაურება
25 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ტრადიციულ ბრიფინგზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაერთიანდნენ და კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაზე ერთად იმუშაონ.
- „ჩვენ მკაფიოები ვიყავით, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ნათლად ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა განუსაზღვრა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს. საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა,“ – განაცხადა ვედანტ პატელმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას დღეს განიხილავს.