კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას აფასებს. როგორც Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დე ვაალი წერს, გიორგი გახარიამ პოსტის დატოვებით აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" გუნდში დაპირისპირებაა.
"ახალი პოლიტიკური მღელვარება საქართველოში. გახარიამ შექება დაიმსახურა Covid19-ის კრიზისთან კარგად გამკლავებისთვის და დაეხმარა ქართულ ოცნებას არჩევნების მოგებაში. ახლა მან რაღაც ექსტრაორდინალური გააკეთა, როდესაც ყველას დასანახად გამოააშკარავა, რომ ქართულ ოცნებაში განხეთქილებაა", - წერს დე ვაალი.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.