ბჟანია: საქართველოს ხელმძღვანელები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატულები“ არიან. რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ მან კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა, ჟენევის დისკუსიების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.


„თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტს, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. ამის იმედი მაქვს,“ - თქვა მან.


ბჟანიას თქმით, აფხაზეთს ნორმალური, "კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან." „თუ ქართული სახელმწიფო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაშინ ჩვენ სამომავლოდ ასევე განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს,“ - აღნიშნა ბჟანიამ.