საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც მაია კოპალეიშვილთან ეთად იცავს პრეზიდენტის ინტერესებს, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილს უარს ეუბნებოდა კულტურული სახის ღონისძიებებზეც, მაგალითად, პრეზიდენტმა უარი მიიღო ბაზელში ფიროსმანის გამოფენაში დასწრებაზე.
„მას ასევე უარი უთხრა მთავრობამ ისეთი ცერემონიული ტიპის ვიზიტებზე, როგორიც არის ბაზელში, შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის გამოფენა. ეს გამოფენა სხვათა შორის პრეზიდენტის ძალისხმევით შედგა და მისი წინა ვიზიტის დამსახურებაა,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
16 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, Fondation Beyeler-ის გალერეაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 28 იანვრამდე და წარმოდგენილი იქნება ფიროსმანის 50-მდე ნამუშევარი. ფიროსმანის გამოფენა Fondation Beyeler-ისა და ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (Humlebæk) ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.
ცნობისთვის, ამავე სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს.“
„ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს. მან [სალომე ზურაბიშვილმა] გასული წლის აპრილის თვეში ითხოვა თანხმობა ბრიუსელში ვიზიტის განხორციელებაზე, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტზე. ეს იყო ივნისამდე, ვიდრე გადაწყდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაინც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. იმიტომ, რომ ის პასუხისმგებელი არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.