გერმანიის ელჩი კანდიდატის სტატუსზე: საჭიროა, რომ ყველამ თქვას - „კი”, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ევროკომისიის ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერების გადაწყვეტილებისთვის. ის მისცემს მათ მიმართულებას, თუმცა ამ 27 წევრი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბება ბრიუსელში დეკემბერში და მიიღებს გადაწყვეტილებას ერთხმად. საჭიროა, რომ ყველამ თქვას „კი”. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუმცა მოცემული მომენტიდან აღნიშნულ დღემდე ჩვენ ერთად უნდა მივიდეთ,” – განაცხადა პეტერ ფიშერმა.


ელჩის თქმით, ევროკავშირი არის გერმანიისთვის მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის საფუძველი და ევროკავშირი ახლა ხელმისაწვდომია საქართველოსთვისაც.

„დღეს აქ, თბილისში ყველანი გერმანიის ერთიანობის დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 1990 წლის 3 ოქტომბერს და ეს იყო დიდი ისტორიული მნიშვნელობის დღე მთელი ევროპისთვის. ეს იყო ბერლინის კედლის დაცემა, ეს იყო რკინის ფარდის ნგრევა ევროპაში. გერმანიისთვის და სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის ეს იყო მათ ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარების, რუსეთის ჯარების ყოფნის დასრულება. ეს ასევე იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაწყისი გერმანელებისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში და ამის საიდუმლო, ამის საფუძველი იყო ევროკავშირი.


ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების საფუძველი და ევროკავშირი ახლა არის ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც. ამაშია ამ დღის მნიშვნელობა საქართველოსთვისაც. გერმანია იდგა საქართველოს გვერდით 1918, 1991, 1992 წლებში და ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ახლა. მოდით, საქართველომ და გერმანიამ ვიაროთ ერთად ევროკავშირისკენ,” – განაცხადა პეტერ ფიშერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.