„დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან.
„ეს დღე, რომელიც არამხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გახდა შთაგონების წყარო, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ევროპაში არსებული გამოწვევების ფონზე. დღეს, როგორც არასდროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი გადამწყვეტია ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.
გერმანიასა და საქართველოს საიმედო და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ისტორია აკავშირებთ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, ბოლო დროს კიდევ უფრო დაახლოვდა და უპრეცედენტო დინამიკაში გადაიზარდა.
ამ მზარდი კავშირის ჭეშმარიტი და ხელშესახები დასტურია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რომლებმაც ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანა. ხსენებული ვიზიტები და შეხვედრები ცხადყოფს გერმანიის განსაკუთრებულ ინტერესს, გერმანიის მხარდაჭერასა და გერმანიის აქტიურ ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით ჩვენი ერის ისტორიის ამ გადამწყვეტ პერიოდში. ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას.
გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. მას შემდეგ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ვიმედოვნებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ მიღწეული შესამჩნევი პროგრესი შესაბამისად იქნება აღიარებული.
დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მტკიცედ დააკავშირებს ევროკავშირთან; ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით,“ - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო დიდად აფასეს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი.
„საქართველოსთვის გერმანიის განსაკუთრებული როლის კიდევ უფრო ცხადი დემონსტრირებისთვის, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. უზრუნველყოფილმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებასა და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სისრულეში მოსაყვანად.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. დარწმუნებულნი ვართ, რომ მასპინძელი ქვეყნის რანგში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში (ITB Berlin) დამატებით სტიმულს მისცემს ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას გერმანული ინვესტიციების საშუალებით და ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტულ ნაკადებსაც გაზრდის.“
პრემიერმა დაადასტურა, საქართველოს მზადყოფნა მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის.
„ერთად ყოფნით და კოლექტიური ძალისხმევით შევიტანთ წვლილს ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში,“ - განაცხადა პრემიერმა.