ბელარუსის 43 მოქალაქეს, დაწესებული სანქციის გამო, აშშ-ში შესვლა ეკრძალება

აშშ-მა ბელარუსის 43 მოქალაქეს, მათ შორის სასამართლოს მაღალჩინოსნებსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის მიერ მომიტინგეების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო.

”ჩვენ მამაცი ბელარუსი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები განაგრძობს საერთაშორისო მცდელობებს, ხელი შეუწყოს ბელარუსში საარჩევნო დარღვევების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და არჩევნების შემდეგ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების დამოუკიდებელ გამოძიებას,” - აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ სანქცირებული პირების სიას არ ასაჯაროვებს. თუმცა, ცნობილია, რომ მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირებიც, მოსამართლეები და პროკურორებიც არიან, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის პატიმრობის მისჯის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ.