საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ ნიკოლოზ აზნაურაშვილი და კობა ხუბუნაია.
სამინისტროს ცნობით, ნიკოლოზ აზნაურაშვილი მინისტრის მოადგილის რანგში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს.
"2012-2015 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი იყო;
2015-2016 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ხოლო 2016-2018 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2018-2019 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, 2018-2019 წლებში კი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
2021 წლიდან, ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2022 წლის იანვარში ის სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
მინისტრის მოადგილის რანგში, ნიკოლოზ აზნაურაშვილის საკურატორო სფეროებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გარდა, იქნება მუზეუმები და ზოგიერთი სახელოვნებო დაწესებულება”, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
რაც შეეხება კულტურის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, კობა ხუბუნაია 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს, ის ასრულებდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას.
„მისი ხელმძღვანელობით სისტემური რეფორმების საფუძველზე ხორციელდება კინოცენტრის მენეჯმენტის გაჯანსაღება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება.
კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია.
2001-2004 წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში იყო საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი.
2004-2007 წლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში იყო საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი.
2007-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სადაც იყო საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მოგვიანებით კი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი.
2014-2017 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი.
2017-2019 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის უფროსი.
2019-2021 წლებში მუშაობდა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც იყო სააგენტოს უფროსის მოადგილე.
მინისტრის მოადგილის რანგში, კობა ხუბუნაიას საკურატორო სფეროში, სხვებს შორის, იქნება სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა. ის ასევე გააგრძელებს კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებას,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.