მედია: ოკუპირებულ ცხინვალში მომხდარი მკვლელობის გამო დე ფაქტო „შსს“ ე.წ. საზღვარზე კონტროლს აძლიერებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ცნობით, სოვეტსკაიას ქუჩაზე უცნობმა პირებმა კაცი მოკლეს. საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროში“ განუცხადეს, რომ უწყებამ ეჭვმიტანილთა დასაკავებლად განსაკუთრებულ ზომებს მიმართა. ადგილზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და ნივთმტკიცებების შეგროვება.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე მოხდა და დე ფაქტო „სამართალდამცველებს“ უკვე დადგენილი ჰყავთ ეჭვმიტანილები, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. დაწყებულია ძებნის ოპერაცია მათი ადგილსამყოფლისა და დაკავების მიზნით.


რადიო თავისუფლების ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე როკის გვირაბთან „რეიდი" უკვე დაიწყო და ყველა ავტომანქანას ყურადღებით ამოწმებენ. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დე ფაქტო „კაგებე"-ს ე.წ. სასაზღვრო სამსახურმა კონტროლი გააძლიერა, რათა მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა ე.წ. საზღვარი არ გადალახონ და საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდნენ მიმალვის მიზნით.