დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.


სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს.

„კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენის ნაწილში უდიდესი როლი შეასრულოს, რადგან თვლის, რომ მის მიმართ შერაცხული ბრალი დღემდე დაუსაბუთებელია და განაჩენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების შედეგად საქართველოს სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლითაა დამდგარი. ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კალანდია ელოდება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი თავის დისკრეციას გამოიყენებს და სამართლიანობას ნაწილობრივ მაინც აღადგენს მიხელ კალანდიას ნაწილში. პრეზიდენტმა ეს დეტალურად უნდა შეისწავლოს განაჩენთან ერთად და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.


კალანდია შერაცხულ ბრალს არ აღიარებს, მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სასამართლოზე, სამართალდამცავ ორგანოებზე ზეწოლა განახორციელეს და საპყრობილეში ამიტომ მოხვდა. ის პრეზიდენტს ამ მტკიცებულებებით მიმართავს, რომ საქმეს თავად გადახედოს და თავისი დისკრეცია გამოიყენოს სამართლიანობის აღდგენის ნაწილში. პრეზიდენტმა მიხეილ კალანდია უნდა შეიწყალოს, რადგან განაჩენი ერთადერთ ჩვენებას ემყარება, რომელიც გიორგი ჯანაშიამ მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს,“ - განაცხადა თოდუამ.


ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის გიორგი ჯანაშია, მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე დააკავეს.

მიხეილ კალანდიას ქვეყნის სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა.

დავით სარალიძესთან ერთად მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის საქმეზე სასჯელს გუგა ბარბაქაძე იხდის. მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.