რუსეთმა შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფანზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, საზღვაო ნაღმები გამოიყენოს - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ძალებმა შესაძლოა, გამოიყენოს საზღვაო ნაღმები შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში, რომელიც 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა, შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტიორი სამოქალაქო გემების გზები დანაღმონ და განხორციელებულ შეტევებში უკრაინა დაადანაშაულონ.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა „უკვე გაანადგურა იმდენი მარცვლეული, რამდენიც ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანის გამოკვებისთვის იქნებოდა საჭირო.“

„რუსეთს, რა თქმა უნდა, სურს, თავიდან აიცილოს სამოქალაქო გემების ღიად ჩაძირვა, სამაგიეროდ, დაადანაშაულოს უკრაინა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმისთვის,“ - ნათქვამია მოხსენებაში.

ივლისში შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ჩაშლის შემდეგ რუსმა სამხედროებმა შავი ზღვის გავლით სავაჭრო გზები გადაკეტეს. ამავდროულად, რუსეთმა განმეორებითი თავდასხმებით უკრაინის პორტი და მარცვლეულის ინფრასტრუქტურა დააზიანა. რუსეთის აგრესია შავ ზღვაში დიდ საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა „უკვე გაანადგურა იმდენი მარცვლეული, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანის გამოკვება შეეძლო.

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით განახორციელეს დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე შავ ზღვასა და ოკუპირებულ ყირიმში. 22 სექტემბერს უკრაინამ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ს რაკეტებით შეუტია. უკრაინულმა ძალებმა ასევე გამოიყენეს ექსპერიმენტული საზღვაო თვითმფრინავები რეგიონში სამიზნეებზე, მათ შორის ყირიმის ხიდსა და რუსულ სარაკეტო ხომალდზე დარტყმის მისატანად. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს ქლევერლიმ განაცხადა, რომ მცდელობები, რომ კიევი დაადანაშაულონ სამოქალაქო გემების ობიექტებზე თავდასხმაში, უგულვებელყოფილი იქნება.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთის ცინიკურ მცდელობებს, დაადანაშაულოს უკრაინა მათ თავდასხმებში,“ - აღნიშნა ქლევერლიმ.