„დღეს აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სასიცოცხლო კავშირსა და ხიდს წარმოადგენს. შუა დერეფნის განვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტაშკენტში ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურების მე-7 საკონსულტაციო შეხვედრაზე.
„ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, საბაჟო პროცედურების სინქრონიზაციისა და დიგიტალიზაციის ერთობლივი ძალისხმევა ფართო შესაძლებლობებს ქმნის ტვირთების მოცულობის გაზრდის, ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებისა და საერთაშორისო ბაზრებზე ჩართულობის გაფართოებისთვის,“ - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის გავლით შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვა 90 პროცენტით გაიზარდა.
ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.
15 ნოემბერს ტაშკენტში დაიწყო „ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურთა მეშვიდე საკონსულტაციო შეხვედრა.“
მოელიან, რომ გაფორმდება მრავალმხრივი თანამშრომლობის არაერთი შეთანხმება. სამიტში მონაწილეობენ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნისა და აზერბაიჯანის ლიდერები.