„მთავრობის პასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველების მიერ ერთპარტიული სიტუაციის გადაჭრა ქვეყნის პრიორიტეტია. შედეგებს რაც შეეხება - ისინი სავალალოა, შედეგები ძალიან მძიმეა. პირველ რიგში, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილურია. ამასთან, ჩრდილოეთით გყავთ მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, თქვენი მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
იან კელი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს „მიმდინარე პოლარიზაციას“ და „დიალოგის ნაკლებობას“ უკავშირებს.
მას მიაჩნია, რომ „ორივე მხარემ უნდა შეაფასოს პრიორიტეტები. პრიორიტეტი მრავალპარტიული პარლამენტის ქონაა. არ შეიძლება გარიყო ქვეყანაში ამომრჩევლის, დაახლოებით 45 პროცენტი და გქონდეს პარლამენტი, სადაც ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი არ არის. ყველამ ამაზე უნდა გააკეთოს ფოკუსი. არავინ უნდა მოიმოქმედოს არაფერი ისეთი, რაც დააყოვნებს ან დააზიანებს ამ დიალოგს“.
მისი თქმით, „ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოინახოს. სტატუს ქვო, ერთპარტიული პარლამდენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს“.