აშშ-მ ირანისთვის ჩამორთმეული 1.1 მილიონი ტყვია უკრაინას გაუგზავნა

აშშ-მ უკრაინას 1.1 მილიონი ტყვია გაუგზავნა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (Centcom), რომელიც ზედამხედველობს ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში, ამბობს, რომ ტყვიები დეკემბერში იემენში მიმავალი გემიდან ამოიღეს. ხსენებულ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, ადგილზე შეიარაღების შეტანა აკრძალულია.

მის მფლობელად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი მიიჩნიეს.

BBC-ის ცნობით, ირანული ტყვიები უკრაინას ორშაბათს გადაეცა.

აშშ-ის მთავრობამ მათზე წვდომისა და კონფისკაციის უფლება ივლისში მოიპოვა იმ პროცესის მეშვეობით, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელია აქტივის ჩამორთმევა, თუ მისი მფლობელი კრიმინალურ საქმიანობაშია ჩართული.


გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ირანი არაერთხელ დაადანაშაულეს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში, განსაკუთრებით უპილოტო თვითმფრინავებით მომარაგებაში, რასაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებს.

დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ მწირი რეზერვების და არასაკმარისი წარმოების გამო გაუჭირდებათ უკრაინის მომარაგება ტყვიებით იმ ფონე, როდესაც კიევი ბრძოლის ველზე მათ დიდი რაოდენობით იყენებს.

NATO-ს სამხდრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო მარაგები საუკეთესო შემთხვევაში, ნახევრად არის სავსე.

მისი თქმით, NATO მოუწოდებს მოკავშირეებს, გაზარდონ საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინისთვის.