სირიაში, სამხედრო აკადემიაზე თავდასხმისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 116 ადამიანი დაიღუპა და 120 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობთ იუწყება.

დაღუპულთა შორის არიან სამხედროები, მათ შორის აკადემიის კურსდამთავრებულები და 30-მდე სამოქალაქო პირი. სამხედრო აკადემიაზე, სადაც კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია მიმდინარეობდა, დრონებით შეტევა იყო.


სააგენტოს ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობდა სირიის თავდაცვის მინისტრი ალი მაჰმუდ აბასი, რომელმაც ტერიტორია აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

ჰომსის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის გამო სირიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობამ თავდასხმაში „საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები“ დაადანაშაულადა „ძლიერი პასუხით“ დაემუქრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღიათ არც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ და არც „ალ-ყაიდასთან" კავშირის მქონე ექსტრემისტებს.


ჰომსის აკადემიაზე დრონებით შეტევის შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც ადგილობრივი მეამბოხეები აკონტროლებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 8 და დაიჭრა 30 ადამიანი.