Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ვირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია - ამის შესახებ ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცლებს.
როგორც სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, საავადმყოფოს 7 214 თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში Covid19-ით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა.
მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო.
Pfizer-მა მონაცემებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის განმარტებით, ვაქცინის რეალურ ეფექტურობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, Pfizer-ი საკუთარ ანალიზს ატარებს.