საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის წვრთნისა და შეფასების პროგრამა გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამა აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეითმა ბატალიონმა გაიარა.
წვრთნა სამი ფაზისგან შედგებოდა, რომელიც ბატალიონის საბრძოლო სროლებით დასრულდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი კი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო.
დასკვნით საჩვენებელ სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა სტრუქტურულმა ერთეულმა საბრძოლო ვაზნების გამოყენებით შეყოვნებისა და ბლოკირების ოპერაციები შეასრულეს, რომელსაც მე-4 ქვეითი ბრიგადისა და NATO-საქართველოს ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელი პირები და ინსტრუქტორები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან. წვრთნისა და შეფასების პროგრამა, რომელსაც JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი ახორციელებს, ბატალიონების მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.