მომავალ კვირას საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩამოვა. ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ არ გახდებით წევრები როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით.
მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით.
ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ის, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია. მე თქვენი სტატუსის დიდი მხარდამჭერი ვარ. შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში," - განაცხადა ორბანმა.
11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება.