რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მყოფ უცხოელ დიპლომატებს კორონავირუსის წინააღმდეგ Sputnik V-ის ვაქცინის გაკეთება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო უწყებაშიც ადასტურებენ. საუბარია 12 000 დიპლომატზე და მათი ოჯახის წევრებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის კამპანიაში უცხოელი დიპლომატების მოწვევა საერთაშორისო პრაქტიკაა.
”დიპლომატიური კორპუსის კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოწვევის პრაქტიკა ბევრ შტატშია გავრცელებული და ეს საკმაოდ გასაგებია - ეპიდემიის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა მოითხოვს, შეძლებისდაგვარად, ქვეყნის ყველა მოსახლეობის ფართო დაფარვას. გამონაკლისი არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა", - აცხადებენ სამინისტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, დსთ-ს, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის დიპლომატებმა შეთავაზება მიიღეს. ევროპული ქვეყნების საელჩოებში Sputnik V-ის გაკეთება არ იკრძალება, თუმცა მოუწოდებენ თავი შეიკავონ, სანამ ვაქცინას ევროპის წამლის სააგენტო არ დაამტკიცებს. იანვარში ვაქცინა იტალიის ელჩმა გაიკეთა.
გარდა ამისა, კომერსანტი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ელჩმა, ჯონ სალივანმა უარი თქვა Sputnik V-ის ვაქცინის გაკეთებაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.
17 თებერვალს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა რუსული ვაქცინის გაკეთება ითხოვეს, რადგან მათ ეეჭვებათ, რომ უახლოეს პერიოდში ამერიკულ ვაქცინას მიიღებენ.