ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად საქართველოს დღეს ეწვევა. ეს გადაწყვეტილება ლიეტუვის სეიმის საბჭომ, ხუთშაბათს, საგანგებო სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას Baltictimes-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ლიეტუვის სეიმის წარმომადგენელთა მივლინებები აკრძალულია, თუმცა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის გამო გამონაკლისი დაიშვა.
ვიზიტის შესახებ პავილიონისი Twitter-ზეც წერს. ამავდროულად, ლიეტუველმა პარლამენტარმა სააგენტო BNS-ს განუცხადა, რომ საქართველოში მეგობრები ორივე მხარეს ჰყავს და წინა მოწვევის სეიმში საქართველოს მეგობართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ის ასევე გეგმავს შეხვდეს, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ასევე იმედოვნებს, რომ გაესაუბრება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და დასძენს, რომ ქართველი პოლიტიკოსები, როგორც წესი, ითვალისწინებენ ლიტვის წარმომადგენლების მოსაზრებებს.
„დავსხდებით ერთ მხარესთან, მეორესთან, შევეცდებით ვიპოვოთ გამოსავალი, რადგან თუ საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, ერთმანეთის ციხეში გაშვებით იქ ნამდვილად ვერ მოხვდებიან. მათ ლიეტუვის მაგალითი უნდა გადაიღონ, როცა სტრატეგიულ ამოცანებში პოზიცია და ოპოზიცია ერთად მოქმედებენ“, - განაცხადა პავილიონისმა.