ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, იაირ ლაპიდსა და ბენი განცს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ ცენტრისტული პარტიის, ეშ ატიდის ხელმძღვანელმა, იაირ ლაპიდმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე ახლახანს შევხვდი პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს. ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწრო პროფესიონალური მთავრობის შექმნაზე,“ - განაცხადა ლაპიდმა.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლაპიდი და განცი ახლა იკრიბებიან, რათა განიხილონ მთავრობაში მონაწილეობის პირობები.
ისრაელზე „ჰამასის“ იერიშის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი, საავადმყოფოებში მკურნალობს. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშს 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ წლების განმავლობაში ესხმოდა თავს ისრაელს, თუმცა დღევანდელი იერიში ყველაზე მასშტაბურია. ღია წყაროების მიხედვით, ტერორისტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შეაღწიეს. აიყვანეს მძევლები და სამხედრო ტყვეები. ქვეყნის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მათ განადგურებით ემუქრება.