Wizzair: არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის აღვადგენთ ფრენებს საქართველოდან, მარტი საკმადო ადრეა ამისთვის

"ჩვენ კვლავაც არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის აღვადგენთ ფრენებს საქართველოდან", - განაცხადა Wizzair-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ "ბიზნეს-ფორმულას" ეთერში.

მისი თქმით, ფრენების აღდგენა მეტწილად დამოკიდებულია იმ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია დაფრინავს.

"ფრენების აღდგენა მეტწილად დამოკიდებულია იმ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც Wizzair-ი დაფრინავს. დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მისცემენ ისინი მესამე ქვეყნებს ევროკავშირში მარტივად შესვლის უფლებას. თუმცა, როგორც კი ჩვენ მოთხოვნას დავინახავთ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ქართველი მგზავრები ევროკავშირის მიმართულებით გადავიყვანოთ, ხოლო ევროპელი მგზავრები საქართველოს მიმართულებით, ჩვენ განვაახლებთ ოპერირებას. რაც, ვფიქრობს, საქართველოს ეკონომიკისთვისაც მნიშვნეოვანი იქნება", –ამბობს რადო.

Wizzair-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზის დაბრუნება სწორედ შეზღუდვების მოხნასთან არის დაკავშირებული.

როგორც ანდრაშ რადომ განაცხადა, მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად.

"გვინდა, რომ 2021 წელს საქართველოდან ვიფრინოთ, დავაბრუნოთ ბაზა, დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის მიღმაა.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ, ინდივიდუალური ნებართვები მივიღოთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის საფრენად, მაგრამ ეს ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც ერთი მიმართულება მოვიძიეთ, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენას შევძლებთ, ამიტომ, ვფიქრობთ, მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად, ახლა რთულია თარიღებით სპეკულირება, იმედი გამოვთქვათ, რომ ზაფხული კარგი სიახლეების მომტანი იქნება ჩვენთვის" - თქვა ანდრაშ რადომ.