14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 9 ოქტომბერს, მიიღო.


მოკლული გოგოს დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქორწინების წინააღმდეგი იყო და გამტაცებლის ოჯახიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ვერ ახერხებდა. მკვლელობაც გაქცევის მორიგი მცდელობის დროს მოხდა. მკვლელობა 6 ოქტომბერს მოხდა. ასლანოვმა 14 წლის გოგო ორი თვის წინ მოიტაცა, რასაც რადიო თავისუფლებას უდასტურებს ასლანოვის მამა ადალათ ასლანოვი და ამბობს, რომ გოგო თითქმის ორი თვის განმავლობაში მათ ოჯახში ცხოვრობდა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ ცალკე გამოძიება დაიწყო 150-ე პრიმა მუხლით.