NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაე რეზოლუცია დაამტკიცა.
მასში ასევე არის დაგმობილი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო-სამხედრო ბაზის მშენებლონბის განზრახვა.
NATO საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და აღნიშნავს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი მეტყველებს იმ საფრთხეზე, რომელსაც ის ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას უქმნის.
„რუსეთის განზრახვა, რომ საზღვაო ბაზა ააშენოს ოჩამჩირეში, რომელიც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, შავი ზღვის რეგიონის სამომავლო დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნის,“ - წერია რეზოლუციაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.
„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ.
რუსეთის გეგმა მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესია 7-9 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა.