ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის

  • ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება რუსეთის განზრახვის შესახებ, შექმნას საზღვაო ბაზა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს.


„ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით.

რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ.


თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში.



ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ.