უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, რუმინეთში უკრაინელ პილოტებს მოამზადებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში დღეს ჩავიდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: რუმინეთში F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, უკრაინელ პილოტებს გაწვრთნიან. იქმნება პილოტების მომზადების ცენტრი. მე და პრეზიდენტმა იოჰანისმა განვიხილეთ ტრენინგის დაჩქარების გზები და შევთანხმდით, რომ უკრაინელი მფრინავების მონაწილეობით პირველ ტალღას დავიწყებთ,“ - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
დღესვე უკრაინამ და რუმინეთმა მთავარ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს აფიქსირებს. მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას, „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას,“ - განაცხადა ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასევე საუბარია უკრაინასა და რუმინეთს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასა და ახალი სასაზღვრო პუნქტების გახსნაზე.