რას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც აშშ უკრაინას გაუგზავნის

აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. ამის შესახებ ამერიკის ხმა იუწყება.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის იარაღი, როგორიცაა AIM-9 Sidewinder-ის რაკეტა, საარტილერიო საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები TOW და 155 მმ და 105 მმ-იანი ტყვია. 

პაკეტი ასევე მოიცავს სხვა საბრძოლო აღჭურვილობასაც.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.


შეგახსენებთ, Reuters-ი 7 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ უკრაინისთვის $200 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. მისი ცნობით, პენტაგონი აგრძელებს მრავალმილიარდიანი სააღრიცხვო შეცდომის გამო აღმოჩენილი სახსრების გამოყენებას. შესაბამისად, ხსენებული პაკეტი კონგრესს ავტორიზებული აქვს. ამ თანხების ნაწილი უკვე გამოყენებულია. სააგენტო წერს, რომ სააღრიცხვო შეცდომამ კიევის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ახალ მეტი აღჭურვილობის გაგზავნა შესაძლებელია. აშშ-მ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფა დაიწყო მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა.



პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ივნისში განაცხადა, რომ სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შედეგად, მიმდინარე ფისკალურ წელს დაფიქსირებული შეცდომის დროს, 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო.