რა ალტერნატიულ გზებს ეძებს თეთრი სახლი უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად, ამ თემას დასავლური მედია აქტიურად განიხილავს. მაგალითად, Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განიხილა დაფინანსების ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც კონგრესის დამტკიცებას არ საჭიროებს.
„სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტები არის რიგ ვარიანტებს შორის, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს კონგრესში არსებული ჩიხის გვერდის ავლით, დროებით მაინც,“ - განუცხადეს Politico-ს აშშ-ის მთავრობის წყაროებმა.
უფრო კონკრეტულად კი, Reuters-ის სტატიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის გამოყენება.
ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა, რომელიც გასცემს გრანტებს ან სესხებს, რათა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური თანხმობით, თუ ის თვლის, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას.
აშშ-ის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ კონგრესში დავები სერიოზულად უნდა განვიხილოთ, თუმცა გობლი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მათ გამო არ შეფერხდება.
„კონფლიქტები აშშ-ის კონგრესში, სერიოზულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მათ გამო არ შეფერხდება. არამხოლოდ თითქმის ყველა დემოკრატი, არამედ, რესპუბლიკელების უმეტესობა, გარდა MAGA-ს ექსტრემისტებისა, მხარს უჭერს უკრაინის მხარდაჭერას. MAGA (Make America Great Again) ამერიკული პოლიტიკური სლოგანი, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა დონალდ ტრამპის მიერ 2016 წლის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის დროს,“ - განუცხადა Europetime-სა შშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალურმა წარმომადგენელმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა.
მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი."
„აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.
4 ოქტომბერს რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს.