„დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას", - აღნიშნული განცხადებით ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, პარლამენტის წინ, აქტივისტების დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია თავს უნდა იკავებდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან.
შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება.
საყურადღებოა ისიც, რომ გავრცელებული კადრების შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია სამართალდამცავთა კორდონით, რაც საჯარო სივრცეში შეკრების სასურველ ადგილას გამართვის შესაძლებლობის გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
პარლამენტის მიმდებარედ პოლიციამ დღეს პოლიციამ 19 აქტივისტი დააკავა - ისინი პარლამენტის უკან განთავსებული კარვების წინ გადმოტანას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ არ მიეცათ.
სამოქალაქო აქტივისტები 82 დღეა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პარლამენტთან კარვები აქვთ გაშლილი. შსს-ის ცნობით დაკავებული აქციის მონაწილეები ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.