სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას

ექსკლუზივი

რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, 3+3 ფორმატის საკითხი პირველად თურქეთში, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსა და მისი რუსილი კოლეგის, სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კვლავ წამოიჭრა, რის შესახებაც მხარეებმა განცხადებები მედიასთანაც გააკეთეს. როგორც ცნობილია, ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით 2020 წლის დეკემბერში სწორედ თურქეთის პრეზიდენტი გამოვიდა. არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საკითხის გააქტიურების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, Europetime-მა შეკითხვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენი მოუწოდებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთობლივად იმუშაონ უთანხმოების მოსაგვარებლად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

„ჩვენ მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთობლივად იმუშაონ უთანხმოების მოსაგვარებლად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ გარე აქტორებს შეუძლიათ, შეასრულონ პროდუქტიული როლი ამგვარი ძალისხმევის მხარდასაჭერად, ისინი რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის დაწესებას არ უნდა შეეცადონ.

რუსეთმა, რომელიც ამჟამად სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინაში, მოკლა ათასობით ადამიანი და მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია, სხვა სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, ყურადღება უნდა გაამახვილოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან თავისი ჯარების გაყვანაზე და მშვიდობას შეუწყოს ხელი“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, 8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და კარი ღიაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის.

„თქვენ იცით, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა „3+3“ ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი მეზობლების - თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით. პირველი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი ნახვით“, - განაცხადა ლავროვმა. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა.